ოროზმანის ძეგლი – აფრიკის კონტინენტის გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება.
აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ოროზმანის ძეგლის შესახებ. გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს. არქეოლოგიური გათხრების დროს, კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ.
მკვლევართათვის ოროზმანის პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებელი 1960-იანი წლებიდანაა ცნობილი. 2010 წელს ქართველ და ფრანგ მკვლევართა ჯგუფის მიერ, ძეგლის თარიღი პალეონტოლოგიური ძეგლის აბსოლუტური დათარიღების მეთოდით განისაზღვრა. მიღებული შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალში.
2019 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის სამეცნიერო ექსპედიციის წევრების მიერ, ძეგლზე ჩატარდა სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები. სატესტო ჭრილის გაჭრისა და შესწავლის შედეგად, უძველესი ფაუნის ნაშთებთან ერთად, ძეგლზე უძველესი ჰომინიდების აქტივობის დამადასტურებელი, დმანისის მსგავსი არტეფაქტები გამოვლინდა.
2021 წლის 20 აგვისტოდან, ოროზმანის ძეგლის შესასწავლად, მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციის პირველი სეზონი ქართველი და ამერიკელი მეცნიერებისა და სტუდენტების მონაწილეობით.
ოროზმანის აღმოჩენა დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან მტკიცდება, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია, მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების (Homo erectus) ჯგუფების მიერ.
არქეოლოგიური სამუშაოების მხარდამჭერია პსპ და ჯიპიაი ჰოლდინგი.
ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბიძინაშვილი.