ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით აჭარაში გიდების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდები აჭარის, როგორც ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების, მტაცებელი ფრინველების სახეობებისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო აღჭურვილობის მოხმარების შესახებ იღებენ ინფორმაციას, რაც სამომავლოდ ტურების დაგეგმვასა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარებათ.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა დ ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.
აჭარა გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რაც ორნითოლოგებს, ფრინველებზე დამკვირვებლებსა და ეკოტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს. ისინი მტაცებელი ფრინველების გადაფრენას აჭარის თავზე 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე აკვირდებიან. ფრინველებზე დაკვირვების მნიშვნელოვან ადგილებს სოფელი სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხის დელტა, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური წარმოადგენს. ჩაისუბანსა და სახალვაშოში სპეციალური სადამკვირვებლო პლატფორმებია მოწყობილი, სადაც სპეციალისტები გადამფრენ ფრინველებს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები