დავით ნოზაძე მცხეთა-მთიანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მხარის პირველი პირი ქ. დუშეთში, კულტურის სახლში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა და მათ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეკრებილ საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემაც მიაწოდა.

საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილი „ჯეო ჰოსპიტალს”-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის” ვაქცინით აიცრა. პროცესს ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა. საბავშვო ბაღების დირექტორ-მასწავლებლების ნაწილი, რომლებიც ჩვენს შეხვედრას ესწრებოდნენ, უკვე აცრილია, ხოლო აუცრელი თანამშრომლების ნაწილმა ვაქცინაციის ჩატარება გადაწყვიტა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში მაქსილური ჩართულობა, რადგანაც ამ ადამიანებს ბავშვებთან, ჩვენს მომავალ თაობასთან უშუალო კავშირი აქვთ,” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, საინფორმაციო შეხვედრას და ვაქცინაციის პროცესს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მარიკა ოთარაშვილი, შესაბამისი სამსახურის სხვა თანამშრომლები და დუშეთის კულტურის სახლის დირექტორი თამარ მოზდოკელი.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციის თაობაზე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ 1-ელ სექტემბერს ქ. მცხეთაშიც გამართა.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები