“ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილია” – რას ყვება რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობაში აღმოჩენილი, აშშ-ის მოქალაქე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-მ 26 აგვისტოს ​ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ერმანში დაკავებული, აშშ-ის მოქალაქე, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მცხოვრები ჯექსონ პოლ კრამერი ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა.

თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლამდე, ცხინვალში პრესკონფერენცია ჩატარდა, რომელზეც კრამერმა საქართველოში მისი მოგზაურობის შესახებ იუსაბრა, ასევე, განმარტა ის, თუ როგორ აღმოჩნდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტეტიტორიაზე.

აშშ-ის მოქალაქის თქმით, საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოფრინდა, კავკასიის მთავარი ქედის გასწვრივ, აზერბაიჯანის საზღვრიდან დაწყებული, ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროთი დასრულებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით მოგზაურობის მიზნით.

მისი თქმით, ინტერნეტში ვერ იპოვა სანდო ინფორმაცია ქართულ-ოსური კონფლიქტისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო სტატუსის შესახებ. ამიტომ, მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლა გადაწყვიტა.

“მინდოდა საქართველოდან შავ ზღვაზე გასვლა, მაგრამ რადგან არ ვიცოდი თქვენი ქვეყნის არსებობის შესახებ, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. მე მესაზღვრეებმა დამაპატიმრეს და აქ მომიყვანეს”, – თქვა კრამერმა პრესკონფერენციაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარშრუტი, რომლის გავლასაც აპირებდა, მისთვის იყო საკუთარი ძალების ერთგვარი გამოცდა, სურდა, გაეგო, თუ რა შეეძლო.

“მიყვარს მოგზაურობა, მამამ გამამხნევა ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით. კმაყოფილი ვარ ამ მოგზაურობით, რადგან მე გავიგე სამხრეთ ოსეთის შესახებ და ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილია”, – ამბობს კრამერი.

როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ კრამერის უკანონო დაკავების მომენტიდან, გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება, რომ ​მისი გადმოყვანა მომხდარიყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დროულად გათავისუფლებულიყო ის უკანონო ტყვეობიდან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები