დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში ახლადრეაბილიტირებული სკოლა მოინახულა
მცხეთა-მთიანეთის სახელწმიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში ახლადრეაბილიტირებული სკოლა მოინახულა.
აღნიშნული საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შედეგად, შენობა ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა. ასევე, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები, განახლდა არსებული სპორტული დარბაზი და გაკეთდა მინი-ფეხბურთის სტადიონი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 295 000 ლარს აღემატება.
სოფელი ჭართლის ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში მხარის პირველ პირთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური, მერის წარმომადგენელი ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჩიტაური, სკოლის მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდების განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა წარმოადგენს.
ამიტომაც, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით უკვე არაერთ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორისაა ჭართლის საჯარო სკოლაც. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელება გაუმჯობესებულ გარემოში შეეძლებათ და იმედს ვიტოვებ, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახებს მალე დაუბრუნდებიან.” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
ჭართლის საჯარო სკოლაში ამ დროისათვის 61 მოსწავლე ირიცხება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.