დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, რამაც არაერთხელ მოგვიყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არის კიდევ ერთი გამარჯვება მისაღწევი და ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
„თერჯოლელებო, დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის ამ მართლაც უნიკალურ ადგილას. დიდი ქართველის, კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში. მიუხედავად წვიმისა, არ შეიძლება, არ შეამჩნიო ის ულამაზესი ლანდშაფტი და ხედები, რითაც ეს კუთხე გამორჩეულია, ლამაზი ეზოები და ის თბილი ხალხი, რომელიც დღეს გვმასპინძლობს.
არ შემიძლია, რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა თქვენს კანდიდატზე – ადამიანი, რომელიც გამოირჩევა დიდი სიყვარულით მშობლიური თერჯოლის მიმართ და რაც ყველაზე მთავარია, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით და იმ ხედვებით, ჟინით, რომლითაც მას უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს თერჯოლამ, მთლიანად მუნიციპალიტეტმა, ყველა იმ სოფელმა, სადაც ის ყოველდღიურად დადის და თითოეულ ოჯახთან აქვს კომუნიკაცია.
ვთვლი, რომ ზუსტად ასეთი ახალგაზრდა და შემართებით მყოფი ადამიანები სჭირდება მუნიციპალიტეტებს.
ბოლო წელიწად-ნახევარი, მან ჯერ მერის მოვალეობის შემსრულებლის და შემდეგ მერის რანგში, დაგვამახსოვრა თავი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევით – ერთი წლის წინ გარემონტებული თერჯოლის ცენტრი, განახლებული რეგიონების პროექტით მიმდინარე ძველი კორპუსების ფასადების რემონტი.
თერჯოლა, ვიტყოდი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად გაზიფიცირებულია, ორი თუ სამი ცენტრალური გზა დარჩა, რომელიც დასრულდება. ნამდვილად საამაყოა, რომ ვხედავთ განვითარებას ამ ერთი, კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაგალითზე, რაც ნამდვილად მოქმედი და მომავალი მერის დამსახურებაა.
ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. გამოვყოფდი ზემო საზანოდანკაცხისკენ მიმავალ გზას, რაც შეკრავს იმ ტურისტულ მარშრუტს, რომელიც კიდევ უფრო გაამდიდრებს ამ კუთხეს.
აუცილებელია, ახალი შესაძლებლობები შევქმნათ რეგიონებისთვის. ეს შრომისმოყვარე ხალხი ბევრი პროგრამით სარგებლობს – „აწარმოე საქართველო“, „დანერგე მომავალი“ თუ სხვა, მაგრამ აუცილებელია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას თუ რა შეუძლიათ მათ, რომ დღეს არსებული დახმარებებიდან, პროგრამებიდან, რომელიც ხორციელდება, კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ.
ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მეტი ჩართულობა და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს მუნიციპალიტეტისთვის.
ეს არის ის ძლიერი გუნდი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს დღეს არცერთ მუნიციპალიტეტში და ამას დავამტკიცებთ თქვენთან ერთად 2 ოქტომბერს, ძლიერი გამარჯვებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.