დავით ნოზაძე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ვაქცინაციის შესახებ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მხარის პირველმა პირმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასა და აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ კი მათი უმეტესობა მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ფაიზერის ვაქცინით აიცრა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
“შეხვედრაზე ვაქცინაციის შესახებ ვისაუბრეთ. ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ და აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია ჩვენი შვილები, მომავალი თაობა კორონავირუსისგან დავიცვათ. ვიცით, რომ ვირუსის ახალი შტამი უფრო საშიშია ბავშვების, ახალგაზრდების მიმართ. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აცრა, ვისაც მცირეწლოვნებთან უშუალო შეხება აქვს. მათ შორის არიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საინფორმაციო შეხვედრა მათთან ნაყოფიერი აღმოჩნდა. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღების 30-მდე თანამშრომელი ფაიზერის ვაქცინით აიცრა.” – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, საინფორმაციო შეხვედრასა და ვაქცინაციის პროცესს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია და შესაბამისი სამსახურის სხვა თანამშრომლები.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.