იოსებ ხახალეიშვილი: პანდემიით გამოწვეული მრავალი პრობლემის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და განვახორციელეთ
ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით, შესრულებულია. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლითაც ქუთაისელების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა უზრუნველყოფილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ავტოქარხნის ადმინსტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მერაბ კვიცარიძესთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
მერობის კანდიდატის თქმით, პანდემიით გამოწვეული მრავალი პრობლემის მიუხედავად, თავის გუნდთან ერთად დაიწყო და განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, თუმცა მისივე მოსაზრებით, დღეს უმნიშვნელოვანესია იმ ღონისძიებების სწორი და დროული განხორციელება, რომელიც უშუალოდ კორონავირუსს, პანდემიასთან ბრძოლას უკავშირდება.
„თითოეულმა უნდა გამოვიჩინოთ გულისხხმიერება, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ საჭირო დისტანცია და ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით გამოვყავით მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ვაქცინაციის მსურველებს უფასოდ მოემსახურება. ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საყოველთაო ვაქცინაციის ცენტრი. ამით მოქალაქეებს სასურველი ვაქცინით აცრის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ”, -აღნიშნა მერობის კანდიდატმა.