დაბა თიანეთში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეებს აცრა უკვე ფაიზერითაც შეუძლიათ

დაბა თიანეთში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეებს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ აცრა ამიერიდან უკვე ფაიზერის ვაქცინითაც შეუძლიათ.
ამ ეტაპზე კი 20%-მდე ადგილობრივ მოსახლეს ვაქცინაცია სინოფარმითა და სინოვაკით უსაფრთხო გარემოში უკვე ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ სრულფასოვანი და ეფექტიანი ვაქცინაციისათვის ადგილზე შექმნილია ყველა სათანადო პირობა, მათ შორის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

აცრებთან დაკავშირებით დაბა თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და თიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ელენე ჯიმშიტაშვილი. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.

ცნობისათვის, ამჟამად, თიანეთის მუნიციპალიტეტში 3 ამცრელი პუნქტი, მათ შორის სოფლის 2 ამბულატორია მოქმედებს, სადაც ვაქცინაციის პროცესი აქტიურად და უსაფრთხოდ მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი მუნიციპალიტეტს კიდევ 1 – ახალსოფლის ამცრელი დაწესებულება დაემატება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები