როგორი იქნება განახლებული რუსთავი და რა იცვლება ქალაქში – მასშტაბური პროექტი სექტმბერში დასრულდება
ასე გამოიყურება დღეს რუსთავი, სადაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. ქალაქში, ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიანი სახლების ფასადებს, იცვლება ფანჯრები, იღებება კედლები, რომლებიც ქვაბამბით, იგივე თბოიზოლაციით იქნება უზრუნველყოფილი, კორპუსების მიმდებარედ ეწყობა სკვერები, ველობილიკები და ქვეითთა გადასასვლელები. სამუშაოებს კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს.
“რუსთავში გვაქვს 4 მიმდინარე ობიექტი, კორპუსების ფასადების ქვა-ბამბით დათბუნება ხდება, ასევე ვცვლით ფანჯრებს, კორპუსების მიმდებარედ მოეწყობა სკვერები, ველობილიკები, ადაპტირებული ქვეითთა გადასასვლელები. “საბა კონსტრაქშენს” დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 70 ადამიანი. ჩვენი მიზანია, რომ სამშენებლო სამუშაოებში მაქსიმალურად ჩავრთოთ ადგილობრივები. ცხადია, ეს კარგი იქნება მათი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც.
მიმდინარე პროექტი სექტემბრის ბოლოსთვის უკვე დასრულდება. რაც შეეხება პრემიერის ინიციატივით დაწყებულ პროექტს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი პრეცედენტი, 500-მილიონიანი პროექტი, რაც რეგიონების განახლებას გულისხმობს, არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობაც დადებითად ხვდება განახლების პროგრამას, რასაც ჩვენ მუშაობის პროცესში, ყველა ეტაპზე ვგრძნობთ”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ხოზრევანიძემ.
ე.წ. ახალი რუსთავი ისტორიულად მეტალურგიის ქალაქად არის ცნობილი და ის ერთ საუკუნესაც არ ითვლის, ძალიან ახალგაზრდა ქალაქია.
ცნობილია, რომ რუსთავი XX საუკუნემდე ნანგრევების სახით არსებობდა. მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა 1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო. იმავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქალაქის მშენებლობასაც. ახალი რუსთავის დაარსების თარიღად 1948 წლის 19 იანვარი ითვლება. 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა, რუსთავშიც თითქმის ყველა ქარხანა დაიხურა. ახალი რუსთავის ისტორია კი უძველეს, რუვისთავი (ძველი სახელწოდება) ქალაქის ისტორიას მიება და მის ღირსეულ გაგრძელებად იქცა.
ქალაქში, სხვადასხვა წლებში, სარეაბილიატაციო სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა, მისი მასშტაბური განახლება მხოლოდ ახლა, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსთავი ასეთ იერსახეს მიიღებს: