ირაკლი ღარიბაშვილი: სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ, ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად 2,5 მილიარდი დაიხარჯება

გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება. ეს იქნება ჩემი მთავრობის მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 7 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; 2,5 მილიარდი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად.

„ჩვენ ვვარაუდობთ ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს შექმნას. აქ მოსვლამდე ვიმყოფებოდი ერთ-ერთი ძალიან მშრომელი ფერმერის, ტერენტი კვარაცხელიას კარ-მიდამოში, ვნახე მისი თხილის ბაღები და მართლაც გასაოცარია ის, რაც ვნახე. დღეს მშრომელ ფერმერს უფასდება შრომა. ეს იყო მართლაც წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მთავრობისა და მოქალაქის ურთიერთთანამშრომლობით მივიღოთ წარმატებული ფერმერი. სწორედ თხილის ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, საქართველო მსოფლიოში ტოპ-ხუთეულში შედის. პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – იტალია, მესამე ადგილზე – ჩვენ, მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში გადავიდეთ მეორე ადგილზე. გვაქვს ამბიციური გეგმა და ხედვა, რომ თხილის წარმოების კუთხით საქართველო გახდეს მსოფლიოში მეორე მწარმოებელი ქვეყანა. ეს შეგვიძლია ჩვენ და შეგიძლიათ თქვენ, ჩვენო მშრომელო, ერთგულო ხალხო, ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით. ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრამები“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ.

„ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ძალიან დიდ ოჯახს, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ და რომელმაც 7 არჩევნებში ძალიან ღირსეული, ძლიერი, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება, ძვირფასო მეგობრებო, სწორედ თქვენი დამსახურებაა – ჩვენი ერთობის და ჩვენი შეუპოვრობის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთ პროექტი განვახორციელეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მინდა, რამდენიმე გამოვყო ამ რეგიონის ჭრილში. სამეგრელო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საამაყო რეგიონია. აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქე გამორჩეულია ნიჭიერებით და თავდადებით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით. მინდა, ხაზი გავუსვა სწორედ ამას, რომ სამეგრელო გამოირჩევა განსაკუთრებულად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებით. ამისთვის მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ.
მეგრელებმა ძალიან კარგად იცით ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს და ჩვენი ერთობის მნიშვნელობა და შავის და თეთრის, სიკეთის და ბოროტების გარჩევა. სწორედ თქვენი სიბრძნის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პარტია, ჩვენი ხელისუფლება მართავს ქვეყანას უკვე 8 წელია და 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ. ჩვენ მოსახლეობას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამას გარდა, განვითარება ყველა მიმართულებით – იქნება ეს ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი გვინდა, მეტი შრომა, მეტი საქმე, მეტი შედეგი გვჭირდება. ჩვენს მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ კიდევ უფრო მაღალი შედეგები, უნდა გავაათმაგოთ ჩვენი ეფექტურობა, ტემპები უნდა დავაჩქაროთ და კიდევ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიმართულება და ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები