პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგნენ
პანკისის ხეობაში დაკავებულ საქართველოს 5 მოქალაქეს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდნენ და სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ, ბრალს დღეს წარუდგენენ.
ხუთიდან ორს, უსუფ ცათიაშვილს და მაგამედ მაჩალიკაშვილს ბრალი უკვე წარედგინა. ცათიაშვილს ბრალი 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 328-ე მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებას. რაც შეეხება მაგამედ მაჩალიკაშვილს, მას გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში ადანაშაულებს.
ცათიაშვილისა და მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ მას ასევე გადაეცა საქმის მასალები, მათ შორის აუდიო და ვიდეოფაილები. ამ დროისთვის არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, ხუთივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.