სააკაშვილის მორიგი ტყუილი და წინა ხელისუფლების უარი გონიოს განვითარების პროექტზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ გონიოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც ტერიტორიის განვითარების გეგმას ეხება, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო და 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, პარტიის აჭარის ორგანიზაციის მიერ პროექტთან დაკავშირებით გავრცელებული რენდერები კომპანია “აქსისს” ეკუთვნის.

“კვირა” ყოფილი პრეზიდენტის განცხადების გადასამოწმებლად კომპანია “აქსისს” დაუკავშირდა. მისი წარმომადგენლის განცხადებით, პროექტი ნამდვილად 2010 წელს მომზადდა, თუმცა, საბოლოოდ, იმ დროს ხელისუფლებაში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” კომპანიას მის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

მისივე თქმით, “ენმ”-ს მიერ გავრცელებული რენდერები, რომლებიც დიდი პროექტის ნაწილია, “აქსისის” მომზადებული პროექტის ნაწილია, რომელიც ვიზუალურ მასალასა და ფინანსურ ანალიზს მოიცავს და კომპანიაში ინახება.

“კომპანია აქსისმა 2010 წელს შექმნა და ხელისუფლებას შესთავაზა გონიოს განვითარების პროექტი, ვადასტურებთ, რომ ფოტორენდერები ეკუთვნის აქსისს. ეს რენდერები არის მცირე ნაწილი იმ დიდი პროექტის, რომელიც მოიცავს ვიზუალურ მასალასა და ფინანსურ ანალიზს , და რომელიც ინახება კომპანიაში. იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ არ გამოიხატა მზაობა პროექტის განხორციელებაზე და საბოლოოდ უარი გვეთქვა პროექტის გაგრძელებაზე”,- განუცხადეს “კვირას” კომპანია აქსისში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 17 აგვისტოს, აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარების საკითხიც წამოსწია. მან თქვა, რომ მთავრობა, მისი დავალებით, ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს და ის წლის ბოლოს დასრულებული იქნება. პრემიერის განცხადებით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით.

18 აგვისტოს ღარიბაშვილის განცხადებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტით გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მან გონიოში წარადგინა ზუსტად ის პროექტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2010 წელს უკვე არსებობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები