იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აჭარის მაღალმთიანი დასახლებებისთვის მოძრავი ბიბლიოთეკის შეძენა“ გახსნის ცერემონია გაიმართა
20 აგვისტოს, პროექტის „აჭარის მაღალმთიანი დასახლებებისთვის მოძრავი ბიბლიოთეკის შეძენა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელიც იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა.
ღონისძიებას დაესწრნენ იპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და გრანტის მიმღები ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ინფორმაციას იაპონიის საელჩო ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში აჭარის მაღალმთიანი დასახლებებისთვის შეძენილ იქნა მობილური ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა სრულად აღჭურვილია და მზად არის სოფლიდან სოფელში სამოგზაუროდ, რათა აჭარის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გაზარდოს ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა.
პროექტი შემუშავდა საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში და განხორციელდა ორგანიზაციის „დამოუკიდებელ ჟურნალისტთა სახლი“ მიერ. პროექტის ბიუჯეტი – 72,000 დოლარი.
პროექტი დაფინანსდა გრასრუტების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, რომელიც დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 180 მდე პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.