კახა კუჭავა – დედოფლისწყარო მარცვლოვანი კულტურების გამორჩეული და მე ვიტყოდი, ბეღელია მთელი საქართველოსთვის

დედოფლისწყარო მარცვლოვანი კულტურების გამორჩეული და მე ვიტყოდი, ბეღელია მთელი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დედოფლისწყაროში განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, წარმოუდგენლად დიდია ინტერესი ტურისტების მხრიდან დედოფლის წყაროს მიმართ, სასურველია, რომ საქართველოში ყველა ბავშვმა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა შეძლონ ამ უნიკალური სილამაზის ნახვა.

„ჩემთვის პატივია წარვსდგე თქვენს წინაშე, ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტში. დიდი ხანია დედოფლისწყაროში არ ვყოფილვარ და ნამდვილად სუნთქვის შემკვრელია ის სილამაზე, რომელსაც აქ ვხედავ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ეს რეგიონი გაძლევს, არის ხალხის სითბო. მადლობა მხარდაჭერისთვის, შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ამაყობს, რომ ამ კუთხეს ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი ჰყავს. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა – გზებით დაწყებული, სკოლებისა და ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობით დასრულებული. ასევე, აღსანიშნავია გარე განათებების საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები.

მოგეხსენებათ, რომ ჩქაროსნული გზის მშენებლობა საკმაოდ აქტიურად მიდის, რათა კიდევ უფრო მოკლე დროში შეძლოს მოსახლეობამ და ტურისტმა გადაადგილება. ვესტუმრეთ ძალიან ლამაზ ახალ აშენებულ სკოლას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის სტანდარტი, რომელიც დანერგა განათლების სამინისტრომ, რომ რაც შეიძლება მალე, ყველა რეგიონში, ასეთი დონის სკოლები იყოს, თუმცა, მარტო სკოლა არ არის საკმარისი. უფრო მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ვესაუბრე მასწავლებლებს და გავიგე, თუ რამდენი მედალოსანი ჰყავთ ამ სკოლაში. საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები და თანამშრომლები რეალურად დებენ შედეგს, რაც აისახება ბავშვების წარმატებაში, მაღალი ქულებით ჩაბარებაში და მედლებში.

როცა ვახსენებთ მედალს, როგორ შეიძლება, არ ვახსენოთ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც მთელ საქართველოს წარმოუდგენელი სიხარული მოუტანა. ლაშა ბექაური ამ კუთხის შვილია და თითოეული ქართველისთვის საამაყო ჩემპიონი. გამორჩეულია ეს კუთხე იმ სარგებლით, რომელიც მას ეკონომიკისთვის მოაქვს. დედოფლისყარო მარცვლოვანი კულტურების გამორჩეული და მე ვიტყოდი, ბეღელია მთელი საქართველოსთვის. ხაზგასმით აღვნიშნავდი ჩემთვის ძალიან ძვირფას ვაშლოვანის ნაკრძალს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის გამორჩეული თავისი ბიომრავალფეროვნებით და ცხოველების და ფრინველების იმ უნიკალური ჯიშებით, რომლებიც აქ ბინადრობენ.

წარმოუდგენლად დიდია ინტერესი ტურისტების მხრიდან და ვისურვებდი, რომ საქართველოში ყველა ბავშვმა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა შეძლონ ამ უნიკალური სილამაზის ნახვა, რომელიც ჩვენი დიდი სიმდიდრეა. აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ იმ ბიომრავალფეროვნებას და განვავითაროთ აგროტურიზმი, ეკოტურიზმი და გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ქმნის მთავრობა სხვადასხვა პროგრამების სახით, იქნება ეს სოფლის მეურნეობის თუ ტურიზმის კუთხით. ადგილზე მთავარია ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი და საკრებულოს გუნდი, რომელიც ყველა დაწყებულ პროექტს ბოლომდე მიიყვანს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები