ირაკლი ღარიბაშვილი: თელავს ძალიან მალე ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება

თელავს ძალიან მალე ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, თელავში წელს იწყება ცნობილი შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელება.

„ვსაუბრობთ რა ტურიზმზე თელავში, მინდა აღვნიშნო, რომ განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიწყებთ ცნობილი შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელებას წელსვე. ასევე დამატებითი თანხები გამოიყოფა იმისთვის, რომ დამატებითი ცენტრების მოწყობა შევძლოთ. მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები ქალაქ თელავში, ასევე შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელდება ძალიან მალე. შედეგად, კიდევ უფრო მეტი ატრაქცია შეიქმნება თელავში.

მე ვიცი, რომ თელავში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, არის წყალმომარაგება. არ ვიცი, მართლაც არ მაქვს კითხვაზე პასუხი, რატომ არ იყო მანამდე ეს საკითხი მოგვარებული. ბოლო წლების განმავლობაში ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. ცენტრალური მთავრობის მხრიდან ეს საკითხი საჭიროებდა უფრო მეტ აქტიურ ჩარევას და გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ წელსვე დავიწყებთ ამ პროექტს და თელავს ძალიან მალე ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები