ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში, 32 მლრდ. დაიხარჯება რეგიონების განვითარების მიმართულებით – მინდა, ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას
„მომდევნო წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების კუთხით, 32 მლრდ. დაიხარჯება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეტაპობრივად, თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად უნდა გარდაიქმნას.
„თქვენ თუ მოგზაურობთ რიკოთის მიმართულებით, ნახავთ, რომ მასშტაბური, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი ხორციელდება, 50-ზე მეტი ხიდი, გვირაბები, უნიკალური პროექტია მართლაც. წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში შეეძლება ადამიანს ჩასვლა, რაც ძალიან შეამცირებს და გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, მობილობას გაუადვილებს მოსახლეობას. ასევე, დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები. მე მინდა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ თითოეული ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად და შემდეგ, ეს განვითარება ჩავიტანოთ ყველა სოფელში, შევქნათ ახალი ტურისტული ადგილები. წელს 500 მლნ. დაიხარჯება ამ მიმართულებით, ყველა ქალაქში მოეწყობა აღნიშნული ტიპის ევროპული ცენტრები და ურბანული განახლების პროექტი განვითარდება, გაგრძელდება. ჩემი დავალებით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ადგილები, ატრაქციები, რომ მეტი დამსვენებელი, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, როგორც ადგილობრივი, ასე – უცხოელი. ასევე, იქნება მეტი სარეკრეაციო სივრცეები, მეტი პარკები, მეტი გასართობი ადგილები ჩვენი ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ახლა, შემაფერხებელია ის საბოტაჟი, ის მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის შექმნასაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ. ამის საშუალება არ მივცეთ არავის. განვითარებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. ჩვენ მივდივართ წინ. აუცილებლად გავაგრძელებთ და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
