ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 50 %-ით, რეისები რაოდენობა კი 70 %-ით აღდგა
პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ივლისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 50 % აღდგა. 2021 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42332 მგზავრს მოემსახურა. (2019 ივლისი – 84 728 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ივლისის თვეში, აეროპორტში რეისების 70 % აღდგა. ( 2021 ივლისი – 186 რეისი, 2019 ივლისი – 267 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს.
,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან ახალი მიმართულებების დამატებისა და სიხშირეების ზრდის კუთხით. გაფართოების შემდეგ, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დაგვიბრუნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ამ ეტაპზე, ევროპის 14 მიმართულებით ასრულებს. ასევე, ქუთაისის აეროპორტში შემოვიყვანეთ საქართველოს ავიაბაზრისთვის სრულიად ახალი ავიაკომპანია, ყაზახური დაბალბიუჯეტური FlyArystan და პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან აზიის 4 მიმართულებით, ახლა კვირაში 12 სიხშირით ასრულებს. ასევე, აგვისტოდან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების შემდეგ, ქუთაისიდან ოპერირება დაიწყო Belavia-მ. როგორც ხედავთ, ევროპული მიმართულებებისა და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის დინამიკა ქუთაისის აეროპორტში მზარდია და აგვისტოს თვეში კიდევ უფრო დადებითი მოლოდინები გვაქვს,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 112 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 54 რეგულარული რეისი შესრულდება.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.