სასოწარკვეთილი აფხაზები – საზოგადოება დე ფაქტო მთავრობას მიმართავს, ვაქცინები ჯანმო-სა და სხვა ორგანიზაციებს სთხოვონ

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებენ, მიმართონ როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიც არის ჯანმო და გაერო, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს თხოვნით, უზრუნველყონ ე.წ. რესპუბლიკა ვაქცინებით.

მიმართვას ხელს 60 ადამიანი აწერს, თუმცა, აღინიშნება, რომ ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

რაც შეეხება ბჟანიასადმი მიმართვას, საზოგადოება აღნიშნავს, რომ “კოვიდ19 ყოველდღიურად აგროვებს მსხვერპლს აფხაზეთში. ექიმები თითოეული მოქალაქისთვის იბრძვიან, ჯანდაცვის ყველა რესურსია ამოქმედებული, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოხალისეები და ბიზნესმენები არიან ჩართულნი ჰუმანიტარულ პროცესში”.

თუმცა, წელიწად-ნახევრის გავლის შემდეგ, “კაცობრიობას ვაქცინაციაზე ეფექტური არაფერი გამოუგონია. ქვეყნები, სადაც დიდი მასშტაბით განხორციელდა ვაქცინაცია, პრაქტიკულად, ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდნენ და ადამიანები აღარ კარგავენ ახლობლებს, როგორც ომში. ჩვენ, ყველას გვქონდა იმედი, რომ ვაქცინაციის პრობლემა შეიძლება, მოგვარდეს ეფექტური რუსული ვაქცინის – Sputnik-V დახმარებით, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობისთვის დოზების საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა რთული ამოცანა აღმოჩნდა”.

“ვინაიდან ვაქცინაციის ტემპი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ვერ გადაჭრის მთავარ პრობლემას – შეაჩეროს ვირუსის სასიკვდილო გავრცელება აფხაზეთში, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იზრდება წინადადებები ამ საკითხით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეობად მიგვაჩნია, მოვუწოდოთ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას, მიმართოს როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს – ჯანმო -სა და გაერო-ს, სხვა სტრუქტურებს, ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეებს იმ ვაქცინებით უზრუნველყოფის თხოვნით, რომლებმაც აჩვენეს თავიანთი ეფექტურობა.

იმისათვის, რომ შევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელება ჩვენს რესპუბლიკაში და გავიმარჯვოთ ვირუსთან რთულ ბრძოლაში, შევეცდებით, მოვაწყოთ დროული და სრულფასოვანი ვაქცინაციის პროცესი აფხაზეთის ყველა მაცხოვრებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელით”, – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები