“ როცა ამდენი კითხვები და მოუგვარებელი პრობლემები რჩება, მოქმედ მერს შვებულებაზე შემოაქვს მოთხოვნა ისე, რომ საკრებულოს სხდომაზე არ მოდის – ეს მიუღებელია და ამით ირღვევა მერის ანგარიშვალდებულების პრინციპი” – გელა აროშიძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს. მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს. მერის უფლებამოსილების შეჩერება, მისი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩართვამ გამოიწვია. დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა ხმაურიანი განცხადებებიც.

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გია ჩაგანავას განცხადებით, მოქმედი მერი ასრულებს თავის 4 წლიან ვადას, მან ითხოვა შვებულება, თუმცა სანამ შვებულებაში გავა – უნდა უპასუხოს კითხვებს იმ პრობლემებზე, რომელიც ოზურგეთის მერიას აქვს ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. “საკრებულოს მისგან არ მიუღია ბიუჯეტის ხარჯვის 6 თვის ანგარიში. მოგეხსენებათ, მერიამ მოგვმართა აიპ-ებისთვის წლის ბოლომდე დაფინანსების დამატებაზე, რაც ბიუჯეტში უკვე არსებულ დეფიციტზე მიუთითებს. რა არის ამის მიზეზი? მიმდინარე წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ბიუჯეტის არასწორ ხარჯვას, გაბერილი იყო შტატები თუ გადაჭარბებული იყო ხარჯები? მოქმედი მერი საარჩევნო კამპანიაში ისე ერთვება, რომ ამ კითხვებზე საკრებულოს პასუხები არ გვაქვს”,- ამბობს ჩაგანავა.

აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაიაც.
-“მოქმედი მერი ისე გადის შვებულებაში და ერთვება არჩევნებში, რომ ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი არათუ მოგვარებულია, პირიქით – ამ სფეროში რაც გაკეთდა ისიც კი ნადგურდება და ახალი პროექტები ბოლომდე არ არის მიყვანილი: არტემ ერქომაიშვილის სახელობის მუზეუმი სოფელ მაკვანეთში, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა, პრაქტიკულად ნადგურდება უპატრონოდ და მერიის მხრიდან სრულიად მიტოვებულია; ასევეა ვარლამ სიმონიშვილის სახელობის მუზეუმი შემოქმედში, რომელიც ნადგურდება უყურადღებობით. მერმა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ ვერ დასრულდა ოზურგეთის მუზეუმის რეაბილიტაცია, რისთვისაც მთავრობამ მნიშვნელოვანი რესურსი გამოუყო ოზურგეთს – მერიამ სამუშაოების მცირე ნაწილი, რაც ექსპოზიციების მოწყობას სჭირდებოდა არ შეასრულა”,- განაცხადა საჯაიამ.

“ როცა ამდენი კითხვები და მოუგვარებელი პრობლემები რჩება, მოქმედ მერს შვებულებაზე შემოაქვს მოთხოვნა ისე, რომ საკრებულოს სხდომაზე არ მოდის – ეს მიუღებელია და ამით ირღვევა მერის ანგარიშვალდებულების პრინციპი. ეს საზოგადოების უპატივცემულობაა”,-ამბობს ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გელა აროშიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები