ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერის უფლებამოსილების შეჩერების საკითხმა ხმაური გამოიწვია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც მუნიციპალიტეტის მერისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს. მერის უფლებამოსილების შეჩერება, მისი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩართვამ გამოიწვია.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე განმარტავს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა შედეგებით ასრულებს მერი საქმიანობას და გადის შვებულებაში.
”ოზურგეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული შესაძლებლობა – გომისმთის პროექტი, რისთვისაც ჩვენმა დეპუტატებმა და მთავრობამ იმუშავეს და გომისმთის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაცია უზრუნველყვეს, დღეის მდგომარეობით სავსეა უკანონო, აბსოლუტურად სტანდარტებს აცილებული მშენებლობებით. იმის ნაცვლად, რომ მერს და მერიას გომისმთის გეგმა შეემუშავებინა, დაეცვა ტერიტორია და მისი განვითარება თანამედროვე, ევროპული კურორტის სტანდარტით მომხდარიყო – ეს შესაძლებლობა დაკარგულია იმ უპასუხისმგებლო მიდგომის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა. სამწუხაროდ დღეს გომისმთაც 90-იანების ქაოტურ სტილში შეივსო უსახური და უკანონო მშენებლობებით და ვკარგავთ თანამედროვე კურორტის განაშენიანების შანსს. პირდაპირ გეტყვით, ეს მიუღებელია და ამის დაშვება არ შეიძლებოდა”,- განაცხადა ღურჯუმელიძემ.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა დეპუტატი ხათუნა ცერცვაძეც, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მერიის მხრიდან სრულ უყურადღებობაზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები დაასახელა, როცა ოზურგეთისთვის ძვირფასი მუზეუმები მიტოვებულია და ნადგურდება.
“ რადგან მერმა შვებულებაში გასვლა ითხოვა და ალბათ ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება ბოლოჯერ გვექნება. მინდა გამოვეხმაურო მერიის მხრიდან გაცემული მიზნობრივი სოციალური დახმარებების საკითხს – აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ არათანაბრად მეტი ასეთი დახმარება მერიის მიერ გაცემულია სწორედ საკუთარ მხარდამჭერებზე, მაშინ როდესაც ადამიანებს, ვინც კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებდა მოქმედი მერის მიმართ – ასეთ დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ ან ეს დახმარებები დროში იწელებოდა. გაცემული დახმარებების ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ხშირად შეხვდებით მაგალითად სახლის გადასახურად გაცემულ თუნუქს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ეზოში დევს თვეების განმავლობაში და ეს ოჯახები სახლის გადახურვას ვერ ახერხებენ – ეს არის სახელმწიფო რესურსებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. როგორც ჩანს მოქმედ მერს არა შვებულების შემდეგ, არამედ უკვე მთელი წელია დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია და მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს ეხმარება”,- ამბობს ხათუნა ცერცვაძე.