შიდა ქართლში „გორმედის“ ქსელის სამივე კოვიდკლინიკა ამ ეტაპზე გადავსებულია

კორონავირუსის შემთხვევების სულ უფრო მზარდი სტატისტიკის ფონზე, შიდა ქართლში ყოველდღიურად იზრდება კოვიდკლინიკებში მიმართვიანობა. სამივე კოვიდკლინიკა ამ ეტაპზე გადავსებულია, პაციენტების მიღება ხდება გაწერების ხარჯზე“, – ამის შესახებ სამედიცინო ქსელ “გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მატების იგივე ტენდენცია შენარჩუნდება, ბუნებრივია, სტაციონარული საწოლების მხრივ რთული ვითარება შეიქმნება.

„როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე, საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერების ხარჯზე ხდება. სწორედ საწოლბრუნვის ხარჯზე ვახერხებთ, რომ მძიმე პაციენტი სტაციონარს მიღმა არ დარჩეს, თუმცა, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველანაირი რესურსი სამედიცინო სექტორშიც ამოწურვადია, ეს ეხება როგორც ადამიანურ რესურსს – სამედიცინო პერსონალს, ასევე ტექნიკურ მხარეს, თუნდაც – საწოლფონდს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისა და ვაქცინაციისკენ. თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ეს ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გავითვალისწინოთ, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა ხათუნა შრუბმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები