ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. ომმა, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები: ნოდარ დევნოზაშვილი, საბა დადვანი და ასლან შაინიძე შეიწირა.
დღეს, სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ და კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე მანაგაძემ გვირგვინით შეამკეს. ბოლნისის ეპარქიის მღვდელმსახურებმა მამა ანთიმოზმა და მამა კონსტანტინემ კი ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ოჯახებს 500 ლარი ჩაერიცხათ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ბოლნისის საკრებულოს განკარგულებით, დისველში, რატევანსა და ტანძიაში იმ უბნებს, სადაც დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭა.
2008 წელს, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები