242 მეტრი სიმაღლე და 72 სართული – ბათუმში ყველაზე მაღალი თაუერი აშენდება

ბათუმში, იუსტიციის ახლთან ახლოს, შპს „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია 72-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის, West Tower-ის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, „ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ მთელ კავკასიაში“.

კომპანიამ მერიას პროექტის დეტალური განაშენიანების გეგმის პროექტის ინიცირების თაობაზე უკვე მიმართა.

კომპანიის დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური ინვესტიცია.

პირველადი პროექტის მიხედვით, შენობა ორი მაღალი კარკასისგან შედგება, ხოლო მისი მოშენების ფართობი 1075 კვ.მეტრია, ექნება რეკრეაციული სივრცე და პარკინგი. კომპლექსი გააერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, ბიზნესცენტრს, სავაჭრო ცენტრს.

„ყველაფერი იქნება რეგულაციების შესაბამისად“, – განმარტავს რაულ კახაძე.

კომპანია გეგმავს სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის – Ritz Carlton – ის  შემოყვანას.

შენობის მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანიის დირექტორს ასევე ვკითხეთ უსაფრთხოების წესებზე. დავინტერესდით, შესწავლილია თუ არა გრუნტის მდგრადობა. რაულ კახაძის ინფორმაციით, ზოგადი შესწავლით „პრობლემა არ არის, დეტალური შესწავლა კი ახლაც მიმდინარეობს“.

ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, ვინ იმუშავებს პროექტზე. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქვთ გამოცდილ კომპანიასთან, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ბათუმში, ფიროსმანის #12-ში შპს „დე გრუპმა“ 30 მილიონ ლარად და სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა. „დე გრუპი“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები