“აუშენე, რომ აგიშენონ” – პირველად საქართველოში, პროექტი უსახლკარო, ქირით მცხოვრები ოჯახებისთვის განხორციელდება
ფონდი “აუშენე, რომ აგიშენონ” აერთიანებს იმ უსახლკარო ოჯახებს, რომლებიც წლებია ქირით ცხოვრობენ, იხდიან გარკვეულ თანხას, თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი ჭერი. პროექტი აძლევთ მათ შესაძლებლობას იცხოვრონ ბინაში და ქირის გადახდის შედეგად, საბოლოოდ ეს ბინა მათი საკუთრება გახდეს, – ამის შესახებ ფონდის დამფუძნებლებმა, თამილა ტაბატაძემ და ელენე გრიგალაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადეს.
ფონდის “აუშენე, რომ აგიშენონ” დირექტორებმა პროექტის შესახებ, მისი განხორციელების გზებზე, ბენეფიციარებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
“ჩვენი ფონდის მიზანი არის, იმ პროექტის განხორციელება, რომელიც უპრეცედენტოა საქართველოსთვის. ეს პროექტი ემსახურება უბინაო, უსახლკარო ქირით მცხოვრები ოჯახებისთვის მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას. ჩვენ მოვახერხეთ და გავაერთიანეთ ის ადამიანები, რომლებიც არიან უსახლკაროები, წლებია ცხოვრობენ ქირით, არ აქვთ საკუთარი ბინა და საბოლოოდ მაინც უსახლკაროებად ფიქსირდებიან. ამ ოჯახებისთვის შევქმენით ეს ფონდი, გავითავისეთ მათი პრობლემები და ვაპირებთ, გრანდიოზული პროექტის განხორციელებას. ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით და შესაბამისად გაკეთდება, რის შესაძლებლობასაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მოგვცემს”, – განაცხადა თამილა ტაბატაძემ.
ელენე გრიგალაშვილის განცხადებით, პროექტი ამ დროისთვის სტარტაპის ეტაპზეა და ფონდში უკვე 120 რეგისტრირებული ოჯახია.
მისივე თქმით, პროექტს უცხოური ანალოგებიც აქვს – ამერიკული, გერმანული, ინგლისური მოდელები – თუმცა აღნიშნული პროექტი სრულად მორგებულია ქართულ რეალობაზე.
“ეს პროექტი ყველა ოჯახს აძლევს იმის საშუალებას, რომ მთავარი დევიზი – არ გადავიხადოთ ქირა, გადავიხადოთ ჩვენი შემოსავლის ნაწილი საკუთარი ბინის გამოსყიდვაში, რეალობად იქცეს. ძალიან ბევრი ოჯახი გაერთიანდა უკვე ამ იდეის გარშემო. ყველა ოჯახს აქვს იმის საშუალება, რომ აღნიშნული პროექტიდან გამომდინარე იცხოვრონ ბინაში და წლების შემდეგ ეს ბინა გახდეს მათი საკუთრება”, – განაცხადა ელენე გრიგალაშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
“პროექტი დავყავით რეგიონების მიხედვით. მაგალითისთვის, რუსთავში მცხოვრები უბინაო ოჯახები თბილისის ან სხვა ქალაქის პროექტში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ასევე იქნება დანარჩენ რეგიონებშიც, სადაც განხორციელდება პროექტები თანმიმდევრულად და იგივე პრინციპით”, – განაცხადა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
უფრო დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ვიდეოში: