დუშეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს”-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს იმუნიზაციის ორ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება. კლინიკაში მობილიზებულია სამი ამცრელი ბრიგადა.

საყოველთაო აცრის პროცესს ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მაცაცო ნარიმანიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი.

საყოველთაო აცრის დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით” აიცრნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, მერიის წარმომადგენლები და სამედიცინო სფეროს მუშაკები.

მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, აცრის სურვილის შემთხვევაში, უფასო ტრანსპორტი ემსახურება.

“ჩვენი მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არასამუშაო დღეა, მოსახლეობის დინება ძალიან დიდია. აცრა და დისტანცია პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზაა, სხვა შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ უკვე ხორციელდება უფასო ტრანსპორტირება იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ვაქცინაციის სურვილი აქვს. მაქსიმალური ხელშეწყობაა სახელმწიფოსა და ყველა იმ ჰოსპიტალის მხრიდან, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს. არ არის აუცილებელი პირველადი რეგისტრაცია, შესაძლებელია ადგილზე რეგისტრაციაც.

ასე რომ, მზად ვართ. მოდით, ყველანი ერთად ავიცრათ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, დავამარცხოთ პანდემია, რაც მთავარია, გავხსნათ საზღვრები და გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკა.” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მაცაცო ნარიმანიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2 აგვისტოდან დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები აცრას „ფაიზერის” ვაქცინითაც შეძლებენ.

ამჟამად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 5 ამცრელი პუნქტია. მათ შორის 2 მცხეთაში, 1 დუშეთში, 1 თიანეთში და 1 სტეფანწმინდაში.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები