რუსთავში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი შენდება

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, ბავშვთა უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ დავით სერგეენკომ, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავში მშენებარე აუტიზმის სპექტრი სმქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი დაათვალიერეს.

ცენტრის მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს.

,,სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა საერთაშორისო დონორების, ძირითადად ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი თანხით მიმდინარეობს. აქ შენდება ზოგადად შშმ ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრი, რომელიც აქცენტირებული იქნება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებზე, რაც ძალიან გასახარი და მისასალმებელია. ეს ცენტრი ყველა ტექნოლოგიის გათვალისწინებით შენდება, დამატებით, რა თქმა უნდა, ის პერსონალიც გადამზადდება, რომელიც აქ იმუშავებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პროექტის ღირებულება 779 750 ამერიკული დოლარია და მისი დასრულების შემდეგ 150 ბენეფიციარს ექნება სერვისის მიღების შესაძლებლობა.

,,პროექტი რუსთავის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. ეს სარეაბილიტაციო ცენტრი, იქნება არა მხოლოდ რუსთაველებისთვის, არამედ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონის მასშტაბით მოემსახურება მსურველებს. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართულები, რათა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებმა მათთვის აუცილებელი სერვისის მიღება შეუფერხებლად შეეძლონ“, – განაცხადა რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ლარით აფინასებს რუსთავის შშმ პირთა  დღის ცენტრს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება მომავალშიც გაგრძელდება.

,,რუსთავის მუნიციპალიტეტი შშმ პირთა დღის ცენტრის ხარჯებს წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი  მილიონი ლარით ანაზღაურებს. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს სპეციალური პროგრამები და ვაუჩერის სახით გასცემს ამ ტიპის მომსახურებას. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრს ამ სახით შემოსავალი გაუჩნდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ბენეფიციარებს არ მოუწევთ თანხის გადახდა და უფასოდ ისარგებლებენ ცენტრის მომსახურებით“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები