დავით ნოზაძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში პროგრამის წარმომადგენლებმა მხარის პირველ პირსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს გააცნეს ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის”. ამასთან, განიხილეს პროგრამის მიზანი, კომპონენტები, მიდგომა და მოსალოდნელი შედეგები.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტებში საზოგადოებას მიეცემა საშუალება მიიღოს კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განათლება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, რაც რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენს რეგიონში მოღვაწე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
ამასთან, შეხვედრაზე USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” წარმომადგენლებმა საბა სარიშვილმა, ნელი რევაზიშვილმა და ირინა წეროძემ აღნიშნეს, რომ პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება დასაქმების მაძიებლებს განივითარონ ზრდად ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისათვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები. პროგრამის სამიზნე ჯგუფები კი მოიცავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ქალებს, ახალგაზრდებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
საინფორმაციო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი ბუწანკალური და ამავე სამსახურის სპეციალისტი ბექა ბადურაშვილი.
შეხვედრის მონაწილე მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე შეთანხმდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში,