თერჯოლაში, 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ რუფოთის #1 და ქვედა სიმონეთის #2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, პირველ მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ორივე სკოლის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა და მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მიმდინარეობისა და ვადების დაცვის შესახებ.
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.სკოლის ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კეთილმოწყობილი და ადაპტირებული იქნება. პროექტის ფარგლებში სკოლებს, როგორც კოსმეტიკური რემონტი, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა, ეზო და სპორტული მოედნები.ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს კომფორტულ გარემოში დაიწყებენ“,-განაცხადა, ლაშა გოგიაშვილმა.
სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ,,ენენ ჯგუფი“ ახორციელებს.
თერჯოლის მერიის განცხადებით? მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში, 3 ახალი სკოლა აშენდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 სკოლას და მიმდინარეობს კიდევ 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.