კიდევ ერთი დეზინფორმაცია ვაქცინაციაზე – დასტურდება თუ არა ქვეყანაში ორჯერ ვაქცინირებულთა გარდაცვალების შემთხვევები
ახალი კორონავირუსისა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში მრავალი დეზინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული თუ შეცდომით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია საზოგადოებაში ანტივაქსერულ განწყობებს კიდევ უფრო აღრმავებს და პანდემიის დამარცხებას ართულებს. ვინაიდან, სწორედ აქტიური ვაქცინაცია, სხვა რეკომენდაციებთან ერთად არის ის ეფექტური გზა, რომლის მეშვეობითაც საქართველო ამ რთულ ვითარებას დაძლევს.
კიდევ ერთი ე.წ. ფეიკნიუსი ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, კასპის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან მალევე შეუძლოდ გახდა და 5 საათში გარდაიცვალა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში დაკონკრეტებული არ იყო, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთა გარდაცვლილმა ქალმა. ინფორმაცია გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა Welcome to Georgia, ინდივიდუალურმა ფეისბუქ ანგარიშებმა ბოლო ჟამის ქრისტიანები და Nina Marji. ეს უკანასკნელი თავის მხრივ თათა მურაჩაშვილს ეყრდნობოდა.
ამბავი “მითების დეტექტორმა” შეისწავლა და შესაბამისი დასკვნაც დადო – დეზინფორმაცია. ამბის პირველწყაროს თათა მურაჩაშვილის ფეისბუქგვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება. როგორც ირკვევა, სკოლის დირექტორი არათუ აცრის მერე გარდაიცვალა, არამედ მას მეორე დოზა არც მიუღია. როგორც გარდაცვლილის შვილიშვილი აცხადებს, ქალი გულის შეტევით 24 ივლისს გარდაიცვალა. ვაქცინის მეორე დოზა კი გაკეთებული არ ჰქონდა და მის მისაღებად დარეგისტრიებული 27 ივლისს იყო.
საქართველოში ორჯერ ვაქცინირებულებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ ინფორმაციას “კვირას” თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე უდასტურებს. სპეციალისტი კიდევ ერთხელ არწმუნებს საზოგადოებას ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ.
“ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვაქცინა კარგად იცავს”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ვაქცინაციის აუცილებლობასა და ეფექტურობაზე საუბრობს დარგის ყველა სპეციალისტი და მათ შორის ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, ამირან გამყრელიძე. 6 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ ინფიცირების შემთხვევაც ორჯერადაც აცრის შემთხვევაში, დაახლოებით 0,3 პროცენტის ფარგლებშია.
“მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 668 ადამიანია გარდაცვლილი. აქედან 1 664 პირი ვაქცინირებული არ იყო. მალე, ალბათ ათ დღეში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, რამდენი იყო ინფიცირება ერთჯერადი აცრის შემდეგ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.8 პროცენტის ფარგლებშია და რამდენი იყო ინფიცირება ორჯერადად აცრის შემდეგ – დაახლოებით 0.3 პროცენტის ფარგლებშია. სხვადასხვა ვაქცინაზე მაჩვენებელი სხვადასხვაა და ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდება. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.