პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული დ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი – 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,” – აღნიშნულია განცხადებაში.