„მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ – ფოთში დევნილთა დასახლებაში აქცია გაიმართა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ლოზუნგით „მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ შეიკრიბნენ. ისინი წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. შეკრებილების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები ღია წესით მუშავდება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

„გარკვეული ტერიტორია სახელმწიფომ გადასცა პორტს, რის შემდეგადაც დაიწყო რაღაც ქიმიური ნივთიერებების ღია წესით დამუშავება, რომელიც თავისთავად იწვევს მტვრის გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ძალიან სახიფათოა და საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

აქ ცხოვრება არის საშიში. ჩვენი მოთხოვნაა, ამ უბნის პრობლემებზე სახელმწიფომ და ბიზნესმა დაიწყოს დროულად ლაპარაკი. თუ მოხდება კომპენსაციის გაცემა, ან ახალი ფართებით დაკმაყოფილება, ეს მოლაპარაკების საგანია იმიტომ, რომ პორტის გაფართოების პირობებში აქ ცხოვრება, უბრალოდ შეუძლებელია“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვანო კუკულავამ.

დღეს აღნიშნული პრობლემით გარემოსდაცვითი ორგანიზაციები დაინტერესდნენ. ისინი სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ჩააყენებენ საქმის კურსში და შეკრებილების სამართლიან ბრძოლას ყოველთვის დაუჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები