ხინოს ხეობაში დაკარგული ტურისტები მაშველებმა იპოვეს

მაშველებმა ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ქვედა კიდური ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც, მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება მოუწიათ.

„შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის პირველი მორეაგირე ჯგუფები. რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქტიურად იყო ჩართული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოქალაქეების ადგილსამყოფელის დადგენა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.

„ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამაშველო ოპერაციაში, ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველიმონაწილეობდა. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა აუცილებელი აღჭურვილობა და ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები