ბორჯომის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს ნათელა ღლონტს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს ნათელა ღლონტს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ნათელა ღლონტს 43-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. დამსახურებული მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში.
საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ და კულტურის განყოფილების უფროსმა მარინა ხუჯაძემ უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ ნათელა ღლონტს სიგელი და სამკერდე ნიშანი, წარწერით „დამსახურებული მასწავლებელი“ გადასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგს მიღწეული წარმატება მიულოცეს და ყვავილებთან ერთად ტექნიკის სახლის ვაუჩერები გადასცეს.
„მიღწეული წარმატება ჩემთვის სტიმულის მომცემი იქნება, აქტიურად გავაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას, მადლობა დაფასებისა და ყურადღებისათვის!“ – განაცხადა ნათელა ღლონტმა.