ირაკლი ღარიბაშვილი: ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი
ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს დახვდა.
„მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შს მინისტრს. პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს – დედას, მამას, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.