პოლიციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი

პოლიციამ რუსთავში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი  ცხელ კვალზე გახსნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

უწყების განმარტებით, ნ.დ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, გ.ჩ.-ს კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული გ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ა., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან – გ.ჩ.-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი გ.ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ.ბ.-ს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გ.ჩ.-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები