ირაკლი ანთაძე: ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, შედგა ძალიან ინტენსიური დისკუსია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 101-ე შეხვედრა დასრულდა.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება. თუმცა კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.
„ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, ამასთან დაკავშირებით შედგა ძალიან ინტენსიური დისკუსია, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.
ასევე, აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2021 წლის 27 სექტემბერი განისაზღვრა.