ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მდუმარე აქცია კახეთშიც გაიმართა

როცა სიტყვები უკვე ზედმეტია“, – ამ ლოზუნგით მდუმარე აქცია კახეთშიც გაიმართა.

ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები თელავის ცენტრში შეიკრიბნენ და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახსა და მის კოლეგებს მიუსამძიმრეს.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა კიდევ ერთხელ დაგმეს 5 ივლისს, თბილისში მომხდარი ძალადობა, რა დროსაც რადიკალური და აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლების მიერ ათობით მედია ორგანიზაციის თანამშრომლები ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდნენ.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები