მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი: მეგის იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პირი სამსახურიდან გათავისუფლდა
ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, კლინიკა “იმედიდან”, სადაც მედდა აიცრა, რეანიმატოლოგი, მისი დამხმარე და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა პირი გაათავისუფლეს.
ვახტანგ ბარამაშვილის განმარტებით, კლინიკაში გათავისუფლებების სერიის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან კავშირს უარყოფენ, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე პროცესი სწორედ მედდის საქმეს უკავშირდება.
“მეგის იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პირი გათავისუფლდა, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის კავშირში მეგის გარდაცვალებასთან. აქ ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება, თუ სამედიცინო პერსონალი არ არის კავშირში, მაშინ საერთოდ რა არის. გამოდის, რომ ყველანაირად გამორიცხულია ის, რომ ან რაიმე გადაცდომით, ან უზუსტობით ან რაღაცით მივდივართ მეგის გარდაცვალებამდე. ჩვენ ვაყენებთ ამ პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამასობაში გაათავისუფლეს სამსახურიდან”, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა “იმედში” 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.
პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.