სეს მოუწოდებს ფერმერებს ტკიპების საწინააღმდეგოდ პირუტყვი შესაბამისი პრეპარატებით დაამუშაონ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საპრევენციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაერთი დაავადების გადამტანი ჰექტოპარაზიტები აქტიურდებიან. განსაკუთრებით საყურადღებოა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ადამიანისთვის ლეტალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ; მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ინსექტოაკარიციდული პრეპარატებით სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დაავადების გამოვლენის კერებში, 5 000-ზე მეტი სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს. აღნიშნულ ღონისძიებას სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.