ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის პროცესის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოისმინეს.
როგორც ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულები „ქართული ოცნების“ მძევლები არიან და ისინი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებით იმყოფებოდნენ, რაც ნებადართულია ნებისმიერი არასამხედრო გემისთვის.
ადვოკატების თქმით, ისინი შეაჩერეს და ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.
ამასთან, სასამართლო პროცესის პარალელურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები სასამართლოს შენობასთან აქციას მართავენ.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, აღნიშნული პირების დაკავება უკანონოდ მოხდა. მათი ინფორმაციით, ქართულ მხარეს ეგონა, რომ ამ ადამიანებს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოჰყავდა.