“ვემიჯნებით “თბილისი პრაიდს” – რიონის ხეობის მცველები განცხადებას ავრცელებენ

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ეხმაურება. მათი განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

„საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება და ვერ შევძლოთ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. პირველად, თითქმის 250-დღიანი პროტესტის განმავლობაში, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.

შეუძლებელია ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთი მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალაქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე.

სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდიფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“, – აღნიშნავენ საინიციატივო ჯგუფში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები