კურორტ გოდერძიზე, ხულოში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
“ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, დეტალურად ისაუბრა ხულოში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 128 740 ლარით გაიზარდა და 17 347 048 ლარს შეადგენს. განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში აშენდება ადმინისტრაციული შენობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურის სახლებს, ასევე აშენდება სპორტული მოედნები.
მუნიციპალიტეტში დაიწყება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და დაბის კეთილმოწყობა. სანიაღვრე არხების, წყალგამტარების და წყალსადენი სისტემების მოწყობა – განახლებისთვის, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. გაგრძელდება განათლების ხელშეწყობა.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ორი დაწყებითი სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 200 000 ლარამდე დაიხარჯება. ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნით ეტაპზეა 2 სკოლის მშენებლობა და დამატებით 2 ახალი სკოლა აშენდება (კალოთასა და ვაშლოვანში) რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდა არსებულ სოციალურ პროგრამებს და დამეტიბით, მიმდინარე წელს ამოქმედდა სამი ახალი სოციალური პროგრამა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების გარდა, აჭარის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, აქტიურად ხორციელდება სხვა მსხვილი პროექტები. მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა კურორტ გოდერძის გაზიფიცირება. გაზსადენი ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთს მოიცავს, საიდანაც უკვე დასრულებულია ბათუმი-ხულოსა და გოდერძის უღელტეხილი-კურორტ „გოდერძი“-ს მონაკვეთები.
აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების კეთილმოწყობა და წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 11 253 190 ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია 21 კმ-მდე გზაზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობა და სხვადასხვა მიმართულებებით ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
ტურისტული და საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობის ფარგლებში, განხორციელდება ხიხანის ციხის ასასვლელი ბილიკის მშენებლობა. მიმდინარეობს ხიხანის ციხის ზონაში ტურისტულ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის საჭირო განაშენიანების გეგმის დოკუმენტზე მუშაობა; გოდერძის განაშენიანების გეგმაზე, ბეშუმი-გოდერძის უღელტეხილის სივრცის გენერალური გეგმის დოკუმენტზე და დაბა ხულოს განაშენიანების გეგმაზე მუშაობა.
დასრულდა „მწვანე ტბის“ რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი და სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. პროექტი ტერიტორიაზე დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. აშენდება ორი ახალი სკოლა, რისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ასევე ორ სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიწყება კალოთის სკოლის და ქვემო ვაშლოვანის სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტისა დსა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.