ახალციხელობა – 2021 მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა (ფოტოკოლაჟი)

შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ქალაქ ახალციხეში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის დღესასწაული წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინეს.
დღის განმავლობაში, ახალციხის ციხეზე, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სხვადასხვა კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები. ასევე, გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია.
მსურველებს მონაწილეობა შეეძლოთ სპორტულ შეჯიბრებებშიც, მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები კარატეში და გამარჯვებულები ტრადიციულად სერთიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებების ფარგლებში, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, დასახელდნენ 2020-21 წლების ახალციხის საპატიო მოქალაქეები. 2020 წლის საპატიო ახალციხელები არიან – ანზორ თამარაშვილი, აიკ ბალასანიანი, ამირან ბლუაშვილი და ოლღა ივანიძე. ხოლო, 2021 წლის საპატიო ახალციხელის სტატუსი მეუფე საბას (გიგიბერია), ზაზა თამარაშვილს, ამირან გოგოლაძეს და ტიგრან მელქონიანს მიენიჭათ.
გარდა ამისა, ტრადიციულად დაჯილდოვდნენ მერიის სტიპენდიანტებიც. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სტიპენდია 500 ლარის ოდენობით და სერთიფიკატები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმა მიიღეს.
დღის ბოლოს კი, ახალციხის ციხეზე, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სადღესასწაულო კონცერტით დასრულდა. კონცერტში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები