გურჯაანის მერი სოცქსელში გავრცელებულ გადაყრილი ხილის ფოტოებს გამოეხმაურა – “ხილის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს და ფასმაც მოიმატა”

ხილის ჩაბარების პროცესი იდეალურად მიმდინარეობს. მცირედი შეფერხება იყო რუსეთის საზღვართან, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით მოგვარდა მეორე დღესვე , – ამის შესახებ “კვირას” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს, სადაც სოფელ ჩუმლაყში ნაგავში ჩაყრილი ვაშლატამაა აღბეჭდილი, საპასუხოდ განუცხადა.

მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტში ისევ როგორც მთლიანად კახეთის რეგიონში ხილის მიმღები პუნქტები სრული დატვირთვით მუშაობს და გასულ თვეში დაწეული ფასი უკვე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა.
მერისვე ვარაუდით, ხილის ფასი კვლავ გაიზრდება, რადგან მოთხოვნა დიდია.

“ექსპორტიორებმა გააგრძელეს მუშაობა. ფასმა ივნისის თვეში მცირედი ცვლილება განიცადა და დაიწია, მაგრამ ახლა უკვე გაზრდილია ხილის ჩაბარების ღირებულება და იგივე ნიშნულს დაუბრუნდა. დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გაიზრდება ფასი, მაცივრები ბევრია და მოთხოვნაც დიდია.
რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, ვფიქრობ დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე, რადგან პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და სამაცივრე მეურნეობა სრული დატვირთვით მუშაობს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეს ადგილზე საკუთარი თვალით ნახოს”,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნაგვის ურნაში ჩაყრილი ხილია აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები