ლევან “დიდის” აკდლამა აღმოჩენილია – არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემში ქართველი მეფის განსასვენებელი გამოავლინა 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა გამოავლინა. არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის – ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა გამოვლინდა, რომლშიც ორ საფეხურიანი დრომოსით ჩადიოდნენ. აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.

გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი სავარაუდიდ ლევან მეფეს ეკუთვნოდა. საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტების და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში ჩატარდება.

არქეოლოგიურ სამუშაოებს მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქო და ნეკრესის ეპარქია, ბაგრატიონთა ოჯახის შთამომავლები და აგრეთვე კახეთის რეგიონში მოღვაწე საქმიანი წრეებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი.

ლევან მეფეს, მისი დიდი ღვაწლის გამო, შთამომავლობამ „დიდის“ და „აღმშენებლის“ ზედწოდებანიც კი მიანიჭა: მან 54 წელი იმეფა (1518-1574 წწ) ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოში და მისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით, ქვეყანამ არნახულ სტაბილურობას და ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია.

მართალია ისტორიული წყაროების და გადმოცემების მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, ვინაიდან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები