ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია.
ნაკრძალში მომუშავე ვაჟა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
მისივე თქმით, ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„სავარაუდოდ ხეს მეხი დაეცა, ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. სამი ათეული წელია, ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს. რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ არ ვიცით. მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი“, – თქვა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები სპეციალური აღჭურვილობით.