გურიაში ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინეს

გურიაში ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა ურუშაძე დღეს ოზურგეთში მედიას წარუდგინა.

ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, აპირებს, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებს ეწვიოს, ადგილობრივ ხელმძღვანელებს შეხვდეს და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნოს.

“გიორგი ურუშაძე არის ადგილობრივი კადრი, გურული, კერძოდ, ოზურგეთიდან. მისი ოჯახი ცხოვრობს დღესაც ოზურგეთში, ამდენად გიორგი ურუშაძემ საკმაოდ კარგად იცის მხარის პრობლემატიკა, და ის გამოწვევები, რომლებიც აწუხებს გურულებს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება კარგი სახელმწიფო რფწმუნებული და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს გურიისთვის და გურულებისთვის. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ რწმუნებულს გიორგი სახოკიას და წარმატებები ვუსურვო მასაც ახალ საქმიანობაში“,- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ დავიკავო სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა გურიის რეგიონში, ვინაიდან გახლავართ წარმოშობით გურიიდან, აქ დაბადებული და გაზრდილი. ვაპირებ, ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე გავეცნო იმ პრობლემატიკასა და გამოწვევებს, რომლებიც აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და შევძლო ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის გაწევა“,- გიორგი ურუშაძემ.
გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე – სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები