კახეთში რეგისტრირებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოშობის სერტიფიკატი რეგიონიდან გაუსვლელად აიღონ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ რეგიონიდან გაუსვლელად – ,,ერთი ფანჯრის პრინციპით” სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, ასევე, ადგილზე აიღონ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან და ფორმალობებთან, საბაჟოს დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით.

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, მებაჟე-ოფიცრების მიერ, ხილის ექსპორტზე სულ გაფორმებულია 918 საბაჟო დეკლარაცია, მათ შორის ქალაქ გურჯაანში – 75. ამავე პერიოდში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია – 346 წარმოშობის სერტიფიკატი (ქართული ხილის ექსპორტზე), საიდანაც 92 გაცემულია გურჯაანში დროებით განთავსებულ საბაჟო გაფორმების ორგანოში.
აქვე გაცნობებთ, რომ ქართული წარმოშობის საქონელი ევროკავშირში, თურქეთის რესპუბლიკაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, EFTA-ს სახელმწიფოებსა (ისლანდია, ლიხტენშტაინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო და შვეიცარიის კონფედერაცია) და გაერთიანებულ სამეფოში იმპორტისას ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით (პრეფერენციით) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენისას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები