საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ დიცთან მოსახლეობა გზის სრული რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავს
საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ დიცთან მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები გზის სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა სოფლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჩერეს და ტექნიკას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, რადგან მათი თქმით, გზაზე მხოლოდ ორმოულების ამოვსება მიმდინარეობს.
აქციის მონაწილე მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე შეხვდა, რომელმაც განუმარტა აქციის მონაწილეებს, რომ გზის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება, წელს კი, ორმოულების ამოვსებასა და გზის შეკეთებას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
„ახალი წლიდან მერია შუამდგომლობას გაუწევს საგზაო დეპარტამენტთან და მომზადდება პროექტი. არ ვიცი, ვინ დაპირდა ამ ხალხს, რომ წელს სრული რეაბილიტაცია მოხდებოდა. წელს მხოლოდ ორმოულების ამოვსება იგეგმება. რაც შეეხება ხარისხს, ამას ინსპექტირების სამსახური შეამოწმებს“, – განუცხადა მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელმა ტარიელ მაისურაძემ.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი